ყველაფერი
იქიდან დაიწყო, როცა 1976 წლის 19 მარტს ერთ-ერთ რომაულ კლინიკაში
ქვეყანას ალესანდრო ნესტა მოევლინა. იგი ყველაზე უმცროსი გახლავთ ჯუზეპე
და მარია-ლაურა ნესტას შვილებს შორის. სანდროს უფროსი ძმა - ფერნანდო
ამჟამად მისი აგენტია და ფეხბურთელის ყველა საქმესაც ის აგვარებს. ხოლო და
, კატია 2000 წელს უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ბავშვობაში
ნესტა, თავისი თანატოლების დარად, სკოლაში დადიოდა, სადაც კარგი სწავლით
მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. მეორე ნახევარში კი ეზოში იყო და თავს
ბურთის გორებით ირთობდა. ოთხი წლის ასაკში გადატანილი ნეკნის მოტეხილობის
შემდეგ, ექიმმა სანდროს სპორტით დაკავება ურჩია და ნესტაც უმალ ჩაირიცხა
ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდში. იგი იმდენად კარგად თამაშობდა, რომ
ერთხელაც �რომას� სკაუტის ყურადღება მიიქცია. ჯალოროსი ექვსი წლის
ბიჭუნაში ექვსი ათას დოლარს იხდიდა და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ
�ლაციოს� მომავალი კაპიტანი �რომაში� ჩაირიცხებოდა. თუმცა, აქ თავისი
სიტყვა ჯუზეპე ნესტამ თქვა, რომელიც მთელი ცხოვრება რკინიგზაში მუშაობდა
და სხვა თანამშრომლებთან ერთად �ლაციალეს� გულმხურვალე ტიფოზი იყო. სულ მალე, ერთ-ერთ რომაულ გაზეთში ასეთი განცადება გამოქვეყნდა: �ლაციო� ახალ ტალანტებს ეძებს.� მეორე
დღესვე, ბიანკოჩელესტეს ბაზას სამასამდე ბავშვი ეწვია, რომელთაგან
ერთ-ერთი სანდროც იყო. საჩვენებელი ვარჯიშის შემდეგ, ერთ-ერთი მწვრთნელი
უფროს ნესტასთან მივიდა და უთხრა, რომ ბავშვის სხვა სკოლებში შეყვანაზე
თავი შეეკავებინა. ჯუზეპე ასეც მოიქცა და სამ კვირაში ალესანდრო უკვე
�ლაციოს� ბავშვთა გუნდის უცვლელი წევრი იყო. მოგვიანებით �მილანის� 13
ნომერი იხსენებს, რომ თავიდან მოედნის ცენტრში უწევდა თამაში, მაგრამ
მასწავლებლებმა დაცვაში ადგილი მალევე მოუნახეს და მას შემდეგ ნესტა
მუდმივად ცენტრალურ მცველად ასპარეზობს. პირველ თვეებში სანდროს გუნდი
ადვილად ამარცხებდა ასაკით უფროს ნაკრებებს. ერთ-ერთ მწვრთნელს ნესტა ასე
ახსოვს: � ნებისმიერ სიტუაციაში მას თავი მაღლა ეჭირა და პარტნიორებს წინ
მიუძღოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მცველი იყო.� აი, ასე შეერწყა ნესტა
�ლაციოს�, სადაც დაახლოებით 10-12 წლის შემდეგ უკვე კაპიტნის სამკლაურს
ატარებდა. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ბავშვობის განმავლობაში, იქნებოდა
ეს ჭაბუკთა თუ 19-წლამდელთა ნაკრები, ნესტას გვერდი-გვერდ მუდმივად
თამაშობდა ფაბიო კანავარო, რომელთან ერთად, 2000 წელს სანდრომ და პაოლო
მალდინიმ გაუვალი დაცვის ხაზი შექმნეს.
დებიუტი სერია ა-ში
და
აი, დადგა 1994 წლის მარტი. სერია ა-ს მორიგ ტურში, "უდინეზეს" წინააღმდეგ
მატჩში დინო ძოფიმ 18 წლის სანდრო მოედანზე შეუშვა. "კარგად მახსოვს,
მინდორზე შესვლამდე, მას ფეხებიც კი უკანკალებდა. მაგრამ როგორც კი ბურთს
შეეხო, დაწყნარდა და არცთუ ურიგოდ ითამაშა", - განაცხადა ერთხელ ძოფიმ. ამ
სასიხარულო დღიდან სულ რაღაც ორი კვირა იყო გასული, როცა სანდროს გვარი
აბსოლუტურად ყველა გამოცემის პირველ გვერდზე მოხვდა. ქების ნაცვლად,
"ნაკლებად ცნობილ რეზერვისტს" გარჯას უწუნებდნენ. საქმე ისაა, რომ
ვარჯიშზე სწორედ ნესტა იყო ის ფეხბურთელი ვისთან შეჯახების შემდეგაც
"ლაციოს" უპირველესმა ვარსკვლავმა, პოლ გესქოინმა ფეხი მოიტეხა. გულჩვილ
სანდროს ცრემლები კი წამოუვიდა, როდესაც "გაზა" საკაცით ჰოსპიტალისკენ
მიჰყავდათ. ჯეელი რომაელი ინგლისელს საავადმყოფოშიც სხვებზე ხშირად
აკითხავდა და პატიებას სთხოვდა, რაზეც გასქოინმა უპასუხა, რომ ფეხის
მოტეხვის მიზეზი მის მიერ განხორციელებული უხეირო "პადკატი" იყო და არა
ნესტასი.
სკუადრა აძურა
1995
წლის ნოემბერში სანდრო, რამდენიმე მეგობართან ერთად დასასვენებლად კუნძულ
ელბაზე მიემგზავრებოდა, როდესაც ჯიბეში ტელეფონი აუწკრიალდა. "ლაციოს"
ოფისიდან ურეკავდნენ და ატყობინებდნენ, რომ ნესტა ჩეზარე მალდინიმ ქვეყნის
ახალგაზრდულ ნაკრებში შეიყვანა. 19 წლის სანდროსთვის ეს ზარი დიდებისკენ
სავალი გზის დასაწყისი იყო. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
იტალიის ნაკრების გასვლაში ნესტამ დიდი როლი ითამაშა და აპენინელი
ოლიმპიელების ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ახალგაზრდულში დებიუტიდან
ექვის თვის თავზე, ფინალური მატჩის შემდეგ, პენალტების სერიაში,
ალესანდროს ესპანელთა კარში ბოლო გადამწყვეტი 11-მეტრიანი გააქვს და უფროს
მალდინის მიერ გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონი ხდება. ეს მაშინ
მოხდა, როცა სკუადრა აძურას თავკაცს, არიგო საკის ევრო-96-ზე
გასამგზავრებელი ნაკრების საბოლოო შემადგენლობის დასახელებისთვის
რამდენიმე დღე რჩებოდა. როგორც მოსალოდნელო იყო, ნესტა უპრობლემოდ
მოხვდა ინგლისში წამსვლელთა სიაში, მაგრამ იმ სამ თამაშში, რომელიც
იტალიის ნაკრებმა ნისლიან ალბიონზე გამართა, არცერთში არ მიუღია
მონაწილეობა. აპენინელთა უპირველეს გუნდში სანდროს დებიუტი მოლდოვასთან
გასვლით მატჩზე ჩატარებულ შეხვედრაში შედგა. 1998 წლის მსოფლიო
ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებისთვის, ალესანდრო ნესტა უკვე
აძურის უცვლელ წევრად ითვლებოდა. მას ლეგენდარული ფრანკო ბარეზის
შემცვლელად მოიაზრებდნენ. ლაციოელი თამაშის მანერით, ცივსისხლიანობით,
ინტუიციითა და გამძლეობით, საოცრად წააგავდა "მილანის" ექვს ნომერს.
სპეციალისტები უფრო შორს მიდიოდნენ და ალესანდროს ისეთ უნივერსალურ
ფეხბურთელებსაც ადარებდნენ, როგორებიც ბეკენბაუერი, კროლი, პასარელა და
მური იყვნენ. ნესტასთან ერთად და მის გარეშე, იტალიის ორი სხვადასხვა
ნაკრები თამაშობდა. სწორედ სანდროს ტრავმას აბრალებდნენ 1999 წელს შინ
ბელგიასთან შერცხვენას, როცა ბენილუქსელი ფორვარდები აპენინელთა
საჯარიმოში ისე დათარეშობდნენ, როგორც ტრიალ მინდორზე ცხენების რემა. ნესტას
არც 1998 წლის მუნდიალზე გაუმართლა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში,
ავსტრიელებთან მან უმძიმესი ტრავმა მიიღო და იტალიელთა საქმეც უკან
წავიდა. აპენინელები ძლივს გასცდნენ ნორვეგიას და ალბათ, იგივეს იზამდა
მასპინძელ საფრანგეთთანაც, რომ არა ლუიჯი დი ბიაჯოს საბედისწეროდ
აცილებული პენალტი. ევრო-2000-სთვის იტალიის ნაკრები მეტად უფერულად
ასპარეზობდა, მაგრამ კანავარო-ნესტა-მალდინის ტრიოს იდეალური თამაშის
წყალობით, აძურამ ფინალში გააღწია. მანამდე კი იყო ჰოლანდიასთან მატჩი,
სადაც მარკუს მერკმა სანდროსა და კლუივერტის ორთაბრძოლაში, არარსებული
თერთმეტმეტრიანი დანიშნა. სამართალმა პური ჭამა და შავტუხა ჰოლანდიელმა
ფორვარდმა პენალტი ვერ გამოიყენა.
ტიტულები "ლაციოში"
სვენ
გორან ერიქსონის ხელში "ლაციო" ნამდვილ იტალიურ გრანდად ჩამოყალიბდა. 1999
წელს ბრწყინვალე სტილში მოიგო თასების მფლობელთა თასის უკანასკნელი
გათამაშება. ხოლო სერია ა-ში პირველობისთვის სულ ცოტა დააკლდა. ეს
წარუმატებლობა შვედმა სპეციალისტმა არა "მილანის" სიძლიერით, ანდა
"იუვენტუსისგან" და "რომასგან" ნაწვნევი მწარე მარცხებით, არამედ სეზონის
სტარტზე ორი წამყვანი ფეხბურთელის - ალესანდრო ნესტასა და კრისტიან ვიერის
ტრავმებით ახსნა. მეათე პოზიციაზე მყოფი "ლაციო" სწორედ ბობოსა და სანდროს
დაბრუნების შემდეგ გამოცოცხლდა, გამოაცხო 16-მატჩიანი წაუგებელი სერია და
სულ მალე პირველ ადგილზ დამკვიდრდა, მაგრამ ფინიშზე დაკარგულმა რამოდნიმე
ქულამ სკუდეტო ძაკერონის "მილანს" დააბევებინა. სანდრო და კომპანია
მაინც არ გატყდნენ და მომავალ სეზონში, ჩვეულ სტილში მოიგეს იტალიის
ჩემპიონატი, ამოუქაჩეს რა "იუვენტუსს" ბოლო ხუთ შეხვედრაში ცხრა ქულა.
მანამდე, "ლაციომ" ევროპის სუპერთასზე იმარჯვა. მონაკოში მდებარე "ლუი
II"-ზე მრისხანე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნა დაჩოქებული. ყველაფერ ამაში,
რასაკვირველია, უდიდესი წვლილი ნესტას მიუძღვოდა, რომელსაც რამდენიმე თვით
ადრე კაპიტნის სამკლაური თვით რობერტო მანჩინიმ გადააბარა. როგორც
ყველაფერ ამქვეყნიურს, სერჯიო კრანიოტის მაფიოზურ საქმიანობასაც ბოლო
მოეღო. მისი კუთვნილი CIRIO გაკოტრდა, ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავდა,
რომ "ლაციოსაც" აღარაფერი ებადა. კლუბის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ,
კრიზისიდან გამოსასვლელად, ფეხბურთელების გასხვისება დაიწყო. მანამდე
"ინტერში" გადასვლის რეალური პრეტენდენტი, ნესტა კი 2002 წლის აგვისტოს
ბოლო დღეს მოულოდნელად "მილანში" აღმოჩნდა.
მილანური მონაგარი
ნესტას
"მილანში" გადასვლით ანჩელოტის გუნდში საბოლოოდ მოგვარდა მცველის
პრობლემა, რომელიც ბარეზის წასვლის შემდეგ გაჩნდა. სანდრომ, როგორც
ნაკრებში, ასევე კლუბში წარმატებით შეცვალა ლეგენდარული ფრანკო.
როსონერიში გატარებული პირველივე სეზონის ბოლოს, ალესანდრომ ჩემპიონთა
ლიგა, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო. რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში
ამდენი ჯილდო "ლაციოში" წარმოუდგენელი იყო. მომავალი სეზონიც წარმატებული
გამოდგა, 2004 წელს "მილანმა" უკვე სკუდეტო მოიგო და ზედ იტალიისა და
ევროპის სუპერთასი მიაყოლა. წელს კი ნესტამ მეორეჯერ განიცადა ჩემპიონთა
ლიგის გამარჯვებულის სიხარული.